მანანა ტურიაშვილი
„მეფე ლირი“ პოლიტიკური სპექტაკლი გამოვიდა, უცნაური, ჩემ ხელწერას არ ჰგავს.“ გვითხრა ქართული თეატრის ერთ-ერთმა წამყვანმა რეჟისორმა, დავით დოიაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუმინეთიდან ჩამოვიდა. საზღვარგარეთ ყველა ქართველი რეჟისორის წარმატება, ქართული შემოქმედებითი აზროვნების გამარჯვებაა.
დავით დოიაშვილი: „მეფე ლირი“ დავდგი რუმინეთის ნაციონალურ თეატრში. ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში, 2000 მსახიობი გავსინჯე, როლებზე დანიშვნის გადაწყვეტილებებს ძალიან ძნელად ვღებულობდი. ვთქვათ, შევარჩევდი სამ კანდიდატურას, მერე მათ ცალკე ვესაუბრებოდი, რაღაც ეტიუდებს ვაძლევდი, ბევრს ვფიქრობდი და საბოლოოდ 16 არტისტი ავირჩიე.
ტექნიკური და მატერიალური თვალსაზრისით, რუმინეთის ყველაზე ძლიერი თეატრია, რომელსაც 7 სცენა აქვს. „დიდი სცენა“, სადაც „მეფე ლირი“ დავდგი, 1500 მაყურებელს იტევს. მეორე სცენა 800 კაციანი დარბაზია, მესამე - 600 კაციანი, მერე მოდის 400, 300, და ერთი 200 კაციანი, რომელიც უკვე ექსპერიმენტული სცენაა. მეშვიდე სცენას - „ვერანდას“ ზაფხულში გახსნიან. უნდა აღვნიშნო, რომ ერთდროულად ყველა სცენაზე მიდის წარმოდგენები და ისე ზუსტად აგებული მენეჯმენტი აქვთ, რომ ერთი სპექტაკლის მაყურებელი, მეორეში ვერ შეერევა.
თეატრის ტექნიკური შესაძლებლობები ძალიან მაღალი დონისაა, მაგრამ ძალიან ძნელი და რთული კანონები მოქმედებს. ეს განსაკუთრებით ეხება ტექნიკურ ნაწილს, რომელსაც თავისი პროფკავშირი აქვს, მკაცრი კანონებით, რომლის მიხედვით მათ ვერ ამუშავებ ისე, როგორც მსახიობებს, ვინაიდან სცენის მუშებს სამი ცვლა აქვთ. თუ პირველი ცვლის 18 სცენის მუშას ასწავლი - რა და როგორ უნდა გააკეთოს, მერე მას ენაცვლება მეორე ცვლა, რომელსაც ხელახლა უნდა ასწავლო, მერე მესამე ცვლასთან იმავეს აკეთებ... ამაში ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავ და მინდა გითხრათ, ნერვებსაც, მაგრამ ასეთი კანონები აქვთ და რას იზამ. რეალურად ამ პროცესით უკმაყოფილო ვიყავი, მითუმეტეს მაშინ, როცა სცენაზე გადავედი. საბოლოოდ, გამოვუშვით სპექტაკლი, პრემიერას დავესწარი და წამოვედი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ.
17-18-19 დეკემბერს ჰქონდათ ოფიციალური პრემიერები, 24-ში შედგება „პრეს-ნაითი“, სადაც პრესა მოდის და მას უკვე შეუძლია დაწეროს, თუმცა დაახლოებით 7-8 ძალიან კარგი რეცენზია უკვე გამომიგზავნეს და გახარებული ვარ. 29 დეკემბერს შოუ ოფიციალურად გაიხსნება.
ბატონო დავით, უფრო ზუსტად რომ აგვიხსნათ პრესასთან ურთიერთობის მექანიზმი...
ესე იგი, პირველი სპექტაკლი არის ჩაბარება-მოთელვა ხალხზე, სადაც პრესასაც შეუძლია მოვიდეს და მაყურებელი შეამზადოს. შემდეგ არის სამი ოფიციალური პრემიერა, სადაც ასევე პრესაც მოდის. 24-ში პრესა აბსოლუტურად თავისუფალია ანუ თეატრმცოდნეებს დიდი წერილები დაწერა შეუძლიათ, სადაც თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ისინი თეატრმცოდნეებს აძლევენ 5 დღეს, ამ დღეებში მათ შეუძლიათ იარონ სპექტაკლზე და მერე სერიოზული შეფასებები გააკეთონ.
წინა მოსამზადებელ პერიოდში, „მეფე ლირს“ იმდენად სერიოზული რეკლამა ჰქონდა, რომ დეკემბერზე აღარც მაქვს ლაპარაკი, იანვარში 1500 კაციანი დარბაზის ყველა ბილეთი გაყიდულია. ამასთან, ძალიან საინტერესო მსახიობებთან ვმუშაობდი, ისინი იქაური ცნობილი ვარსკვლავები არიან, რამდენიმე რუმინელი კინორეჟისორის - მუნჯუს ფილმებში მონაწილეობს.
ბატონო დავით, „მეფე ლირს“ პირველად არ დგამთ, ეს უკვე მეორე „ლირია“. როგორც ფოტოების დათვალიერების შემდეგ მივხვდი, განსხვავება დიდია. ამასთან, ალბათ საქართველოში და რუმინეთში დადგმულ „მეფე ლირს“ განსხვავებული სათქმელი ექნებოდა...
არა მარტო... როცა „ლირი“ პირველად დავდგი, ძალიან პატარა ვიყავი, შექსპირში ხომ შენი ცხოვრებისეული გამოცდილება ჩანს? რუმინეთში პირველი „პრაგონი“, რომ ვნახე, იქ მივხვდი რაოდენ საშინელი ცხოვრება გამივლია. ამდენი ცინიზმი, ამდენი გულგრილობა... ჩემი აზრით, პოლიტიკური სპექტაკლი გამოვიდა, უცნაური, ჩემ ხელწერას არ ჰგავს.
პოლიტიკური მესიჯები, შეიძლება სპექტაკლის პირველმა ნაწილის ვიდეომ გამოიწვია. მე მოვითხოვე ჩაუშესკუს აშენებულ პარლამენტში, რომელსაც ძალიან დიდი და ცუდი ისტორია აქვს, გადაეღოთ ვიდეო, სადაც აღბეჭდავდნენ, როგორ მიდიან „მეფე ლირის“ გმირები: რეგანი, კენტი, გლოსტერი ანუ ყველა პერსონაჟი, თეატრის სპონსორის - „BMW“-ს სპეციალური მანქანით პარლამენტში, სადაც მეფის გადაწყვეტილება უნდა გაიგონ. დარბაზში შემოსული მაყურებელი, ამ ინსტალაციებს კედლებზე უყურებს. ზუსტად შვიდ საათზე ყველა კარი იხურება, შემოდის ლირი და თავის გადაწყვეტილებას ამცნობს - ასე იწყება სპექტაკლი.
ამ პარლამენტმა, თანამედროვე კოსტიუმებმა, ბევრ რამეს პოლიტიკური ჟღერადობა მისცა. ჩვენი დროის უბედურება არის ის, რომ ბრმებს გიჟები მიუძღვებიან - ასეთი და კიდევ სხვა მძლავრი სლოგანები, რაც შექსპირს აქვს, აქტიურად წამოვიდა წინა პლანზე. რაღაცები ალბათ ძველი სპექტაკლიდანაც გამომყვა, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, კარგად არ მახსოვს. მახსოვს ოთარ მეღვინეთუხუცესთან ურთიერთობა, რაც ძალიან დიდი ბედნიერება იყო, მან ბევრი რამ მასწავლა.
როცა ფოტოებს შევხედე, სპექტაკლი ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, შინაგანად ფერადოვანი...
სპექტაკლი შავ-თეთრია. დეკორაცია თეთრია, პერსონაჟებს შავ-თეთრი კოსტიუმები აცვიათ. სხვა ფერი, სპეციალურად არ გამოვიყენე. თეატრის იქაურმა ტექნიკამ საშუალება მომცა სცენა დამეშალა 6, 4, 3, 17 ნაწილად ანუ როგორც მჭირდებოდა და ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენე. განათების დიზაინშიც, ცივი და თბილი თეთრის გარდა, სხვა ფერი თითქმის არ გამომიყენებია. თუმცა, სადაც მინდოდა ხაზი გამესვა ატმოსფეროსთვის, ან ღამისთვის - ერთადერთი იქ ვიყენებ ცისფერს. სპექტაკლში გაისმის აქტუალური მიმართვები, ზონგები. არის მომენტები, როცა მასხარა, მაყურებელთა დარბაზის სკამებზე გადადის, პირდაპირ მას ეხება და ისე ელაპარაკება. რუმინეთიდან არტისტებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მაყურებელი აღფრთოვანებულია და ამ ყველაფერს კარგად ღებულობს. ვნახოთ რა იქნება...
ჩვენ თეატრალურ ფესტივალებზე, რომ ჩამოვიდეს კარგი იქნებოდა, ვნახავდით...
სამწუხაროდ, ერთადერთი სცენა, სადაც ამის თამაში შეიძლება, ეს ოპერის თეატრია. თუმც ბოლომდე არ ვიცი - წარმოდგენის ტექნიკურ მოთხოვნებს, სრულად უპასუხებს თუ არა.
ბატონო დავით, ეს სპექტაკლი, თქვენთვის რიგითი წარმოდგენა იყო თუ... ანუ რით იყო მნიშვნელოვანი?
ჩვეულებრივი, რიგითი სპექტაკლი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ შენ მიდიხარ სხვა სივრცეში, სადაც შენზე იციან „რაღაც“, ისე, მოარულად. შენ უნდა შეხვიდე რეპეტიციაზე, მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთო და არტისტები დააჯერო, დაარწმუნო - შენი ენა გააგებინო, ამასთან არა მარტო გააგებინო, არამედ მათ ისე უნდა ესმოდეთ შენი, რომ რეზულტატი მიიღო და ბოლოს, ერთ გუნდად აქციო, წინააღმდეგ შემთხვევაში სპექტაკლი არ გამოვა. ამიტომ, როცა საზღვარგარეთ ვდგამ, ეს ძალიან დიდ სტრესთანაც არის დაკავშირებული, ვინაიდან თუ ჩემ თეატრში არ მჭირდება ზემოთჩამოთვლილის კეთება, იმიტომ რომ ბევრად გახსნილი სიტუაციაა, ვიცნობთ ერთმანეთის შესაძლებლობებს და ვთქვათ, რაიმე ხერხის გამოყენებაზე მტკიცება არ მჭირდება, იქ, პირიქით ყველაფრის მტკიცება გჭირდება - არტისტი, მისთვის უცნობ ხერხზე უნდა წამოიყოლო. თუ არტისტები დაინტერესდნენ, სიამოვნებით მოგდევენ, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია და მინდა გითხრა, რომ ეს პროცესი თვენახევარში უნდა გამევლო. 7 ოქტომბერს წავედი, რეპეტიციები 17-ში დავიწყე და 10 დეკემბერს პრემიერა გაიმართა.
ბატონო დავით, მომავალ, 2017 წელს და მერეც, წარმატებას გისურვებთ.







